თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობას.

„აღნიშნულ კონტექსტში თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მიმდინარეობს, და დამსწრე საზოგადოებას გააცნო აპარატის ხედვა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში კონფლიქტით დაზარალებული ქალების შემდგომი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე, ადგილზე არსებული გამოწვევების, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის განსახილველად.

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მოხსენებით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს ერგნეთის მექანიზმის ფარგლებში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული შეხვედრების შედეგებზე.

ძირითადი მოხსენებების შემდეგ გამართული დისკუსიის ფარგლებში ვრცლად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მავთულხლართების აღმართვის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული გამოწვევები, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ და სხვა საკითხების გარშემო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, ასევე მათი საჭიროებების გათვალისწინებისთვის მზადყოფნა.

ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი