თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რამაც ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დავკარგეთ როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. დიდ პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე, როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ახვლედიანის თქმით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და კვლავაც მიმდინარეობს ომით დაშორიშორებული საზოგადოების გახლეჩა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე გაწეული თანადგომიასა და გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. რწმენას გამოვთქვამ, რომ მათთან მომავალი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, დასახული მიზნების მიღწევას”,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.