თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელდთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები – მშობლიურ ენაზე განათლების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის უფლების
შეზღუდვისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორების შემდგომი ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ევროპელ კოლეგებს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ
მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების როლისა და მათი ჩართულობის გაძლიერების გზებზე. თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები.განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხს და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ეუთოს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად ვაფასებთ ეუთო-ს, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების ჩათვლით,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.