თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების საკითხები განიხილეს
თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების საკითხები განიხილეს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, სამშვიდობო ინიციატივების, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, განათლების მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის, მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრისა და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და ორივე უწყების შესაბამისმა წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ორივე სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისა და შესაბამისი აქტივობების შეთანხმების მიზნით, განხილულ იქნა სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების საკითხები. მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულების – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელებაზე.

„თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებისას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებულ რეკომენდაციებზე, მოსაზრებებსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და კოორდინირებული ქმედებების გეგმები დასახეს.

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობითა და ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.