თეა ახვლედიანმა აშშ-ის ელჩის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ალან პარსელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა აშშ-ის ელჩის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ალან პარსელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ალან პარსელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ის ელჩის მოქმედი მოადგილე რაიან ჰარისი, რომელსაც მინისტრმა გასული წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გაწეული ერთობლივი საქმიანობა შეაჯამა.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის უაღრესად დიდი მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით.

მხარეებმა განიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესი, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება; ასევე საუბარი შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში აშშ-თან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, სამომავლო გეგმებს და ახალ ინიციატივებს. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და მჭიდრო კოორდინირებული პარტნიორობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.