თეა ახვლედიანი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა
თეა ახვლედიანი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა გენდერული საბჭოების წევრებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ახლადშექმნილ ქალთა საკონსულტაციო პლატფორმაზე -„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“, რომლის მიზანიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელება და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობას. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კვლავაც განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.