თეა ახვლედიანი - ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომა, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით
თეა ახვლედიანი - ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომა, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით

ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით.

დავიწყებ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით: როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენი მტკიცედ არჩეული ორგანზომილებიანი სამშვიდობო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ; მეორე მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ განზომილებაზეა ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რომლის განხორციელების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  სამივე მიმართულების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, გამოწვევებით აღსავსე პანდემიური წლის მიუხედავად, დაარსდა და სრულფასოვნად ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ორი საგრანტო კონკურსის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდა 100-ზე მეტი კვალიფიციური განაცხადი, რომელთაგან 50-მდე ბიზნესპროექტი დაფინანსდა და უმეტესება უკვე წარმატებით ხორციელდება.

„ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. აქვე, მადლობა მინდა, გადავუხადო აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის მთავრობებს ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალ წლებში ჩვენ ვგეგმავთ, განვავითაროთ ვაჭრობის ხელშეწყობის პროცესი და უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომაც, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის, DCFTA-ს ფარგლებში“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა განათლების შესაძლებლობების კიდევ უფრო დახვეწისა და განვითარებისთვის, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

„რაც შეეხება განათლების მიმართულებას, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედებული უნიკალური საგანმანათლებლო მექანიზმის, ისევე როგორც განათლების სფეროში დანერგილი სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

დაწყებულია მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ განათლების შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა პროფესიულ განათლებაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.