თეა ახვლედიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა
თეა ახვლედიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან, შერეფ მალკოჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის მთავარი ომბუდსმენის მოადგილე სელილ ტუნჩაკი და თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ორბეი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.

„სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა თურქეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და, შერეფ მალკოჩის მიერ გამოხატული ინტერესის თანახმად, სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი, მიზნები და ამოცანები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. თავის მხრივ, შერეფ მალკოჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობა და ამისთვის დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების შემდგომი გამყარების აუცილებლობა.