თეა ახვლედიანი - რუსეთი პასუხისმგებელია იმაზეც, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება
თეა ახვლედიანი - რუსეთი პასუხისმგებელია იმაზეც, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ისტორიული, რაც წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში საქართველოს რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვებას.

„ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით. პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე. ეს კი შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება. რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც ინტენსიურად დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები და უზრუნველვყოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.