თეა ახვლედიანი – საუნივერსიტეტო სივრცეში სამშვიდობო სწავლების ცენტრების დაარსება შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის სამშვიდობო თემატიკაზე უფრო სიღრმისეული დისკუსიისთვის

10:39, 18.09.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.

მინისტრებმა და ვიცე-სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ცენტრების დაარსება ცალსახად შექმნის მნიშვნელოვან დამატებით შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის სამშვიდობო თემატიკაზე უფრო სიღრმისეული დისკუსიის, კვლევითი საქმიანობის, ცოდნის გაღრმავების თუ ახალი იდეების გენერირების თვალსაზრისით; რაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით, რომელიც სხვა სტუდენტებთან ერთად, აერთიანებს ახალგაზრდებს ოკუპირებული რეგიონიდან დევნილი და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ოჯახებიდან. ამავდროულად, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების როლის გაზრდა და ჩართულობის ხელშეწყობა, შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია, რაც ამ მიზნით წამოწყებულ არაერთ ინიციატივასთან ერთად, სწორედ მსგავსი სამშვიდობო ცენტრების მხარდაჭერას გულისხმობს, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი მომავალშიც აუცილებლად მაქსიმალურად განახორციელებს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ცენტრის ბაზაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების ორგანიზება.

ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

მსგავსი