თეა ახვლედიანი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.