თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი კოლეგის ინიციატივით გაიმართა.

„სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.

მხარეებმა განიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.