თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტენსიურ რეჟიმში შეხვედრებს განაგრძობს. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, იყო სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განხილვის მთავარი თემები, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩ მარკ კლეიტონთან, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩ პეტერ მიკისკასთან, ასევე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელობასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოსთან გამართული შეხვედრებისას.

„მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობაზე. ასევე, ვრცლად განიხილეს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა. სამუშაო შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ამ საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

თეა ახვლედიანმა აღნიშნული საკითხები ასევე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან გაცნობით შეხვედრაზე, რომელზეც საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით, სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე თანამშრომლობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. ასევე, სიღრმისეულად იქნა განხილული 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესიც“,- აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.