თეა ახვლედიანი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება
თეა ახვლედიანი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება

საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, ეს უკავშირდება ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, ისევე როგორც ომით გაყოფილი ხალხის ურთულეს ხვედრს, რომელთაც დღემდე უწევთ უკანონო ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რაზეც გუშინ ვრცლად ისაუბრა ჩემმა კოლეგამ, ბატონმა დავით ზალკალიანმა, დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.