თეა ახვლედიანი - საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა
საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ამ თემაზე ახვლედიანმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
„სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დადასტურება საქართველოს მთავრობის მზადყოფნის, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოვოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. დეპოლიტიზებული მიდგომებისა და სტატუს ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ინიციატივა ქმნის სივრცეს ეკონომიკური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც არასდროს შეწყვეტილა, პანდემიის პირობებშიც კი. წლების განმავლობაში დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის და სხვა არაერთი მიმართულებით. 2020 წელს წარმატებული თანამშრომლობის და არაფორმალური დიალოგის მაგალითია 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითები, რის შესაძლებლობასაც კომისიის სხდომის საჯარო ფორმატი არ გვაძლევს.
ჩვენი სურვილია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული კომუნიკაციის ყველა არსებული არხი, ასევე, მოხდეს ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირება და დიალოგის პლატფორმების განვითარება, რომელთა მიზანი იქნება მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა. გვჯერა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგი და თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აღნიშნული საჭიროებს ყველა აქტორის მხრიდან ამ მიდგომის საფუძვლიან გაზიარებას, რისთვისაც იდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა, მათ შორის 2013 წლიდან მოყოლებული და კვლავ გააგრძელებს დინამიური ნაბიჯების გადადგმას ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.