თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ავლევში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელი კნოლევისა და ცერონისის მცხოვრებლები.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სოფლებს სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.

„ვაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შიდა ქართლის რეგიონის გამყოფი ხაზის სოფელ ჩორჩანაში, ავლევში, კნოლევსა და ცერონისში, რომელთა მაცხოვრებლებთან დღეს გავმართეთ შეხვედრები, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განვიხილეთ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მათი შემდგომი გადაჭრის გზებზე. ასევე, ვეწვიეთ სოფელ ავლევის საბავშვო ბაღს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და რომელიც უკვე ამ სასწავლო წელს, პირველად, მიიღებს 30-ზე მეტ აღსაზრდელს 3 სოფლიდან. საქართველოს მთავრობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, შემდგომშიც განაგრძობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას, მათ მხარდაჭერას მსგავსი პროექტებით და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე მორგებული მიდგომით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.