თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების საკითხებში ანნე ვიტკოვსკისთან და მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლესლი ზიმანთან. შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავების ფაქტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის  აშშ-ის მხრიდან ინტენსიური ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილი ხელოვნური იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ამერიკელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა  ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნას, ახლებური ხედვების, დეპოლიტიზებული და ჰუმანიტარული მიდგომების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების საფუძველზე. ამასთან, განხილულ იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი  მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. აშშ-ში ვიზიტის დროს, გაიმართა თეა ახვლედიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას სამმხრივი დიალოგის შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული შემდგომი თანამშრომლობა და ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამასთან, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის აშშ-საქართველოს ურთიერთობები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოში არსებული კონფლიქტი და სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე რუსეთის უკანონო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. საკუთარ გამოსვლაში, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა აშშ-სთან მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი და მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარების, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

„ძალიან საინტერესო დისკუსია და მნიშვნელოვანი მსჯელობები გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებზე, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაზე, ასევე ვაშინგტონში მოქმედი  სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, საექსპერტო წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგარი მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე ჩვენ განვიხილეთ სიღრმისეულად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმდინარეობას, მიღწეულ შედეგებს, გამოწვევებს, ჩვენს სამომავლო ხედვებს, ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს. სიღრმისეულად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, ხაზი გაესვა რა თქმა უნდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, უკანონო გატაცებებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონსოლიდირებული ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად დავძლიოთ ადგილზე არსებული გამოწვევები. ამერიკის შეერთებული შტატები ორპარტიული მიდგომით და ქმედითი მექანიზმებით ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აქტიურად არის ჩართული ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების და ნდობის აღდგენის სამშვიდობო ინიციატივებში. ჩვენ ბუნებრივია შევთანხმდით შემდგომ ინტენსიური თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.