თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო
თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენები კი ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„მსურს, კიდევ ერთხელ მივაგო პატივი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ყველა მამულიშვილთა ხსოვნას. დღეს აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული ოთხი სამხედრო და ცხრა სამოქალაქო პირი დაიკრძალება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე. ოთხივე მებრძოლი სამხედრო პატივით დაიკრძალება, მათ შორის ერთ-ერთი დიღმის ძმათა სასაფლაოზე. 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის დაბრუნების პროგრამა არის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების როლის და მნიშვნელობის გაზრდის გზით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გაურკვევლობა, ამ ხანგრძლივი მოლოდინის დასასრული მცირედ ნუგეშს მაინც მიანიჭებს ამ ოჯახებს. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალისხმევით, კოორდინირებული მოქმედებებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში, ხოლო ის, რაც დღეს გვაქვს სახეზე, ამ ომის მძიმე შედეგები, მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ნდობის აღდგენითა და შერიგებით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული ნეშტიდან ოთხი სამხედრო, ცხრა კი სამოქალაქო პირია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე 600-ზე მეტი ადამიანია მოძიებული, 240-ზე მეტი იდენტიფიცირებული, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 000 პირი მიიჩნევა.