თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, იზაბელა ოსიპოვასა და საბჭოს კოორდინატორთან, კობა ჩოფლიანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო სტრატეგიის თითოეული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროგრესის დინამიკა; ასევე, საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმების დანერგვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებს.
სახელმწიფო მინისტრმა საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო საქმიანობის ხედვა და ისაუბრა 2025-2026 წლების კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომელიც მომზადდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად და მიზნად ისახავს, ეტაპობრივად, სამიზნე შედეგების შემდგომ გაუმჯობესებას.
სახელმწიფო მინისტრმა საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს სტრატეგიის დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში, რაც პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას ემსახურება.
„თავის მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა გამოხატეს მზაობა, სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინონ სახელმწიფო მინისტრის აპარატს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების, სახელმწიფო სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წინადადებებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.