თეა ახვლედიანი - რუსეთმა შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა სამხედრო აგრესია, ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს
თეა ახვლედიანი - რუსეთმა შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა სამხედრო აგრესია, ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს

რუსეთის ფედერაციამ შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა სამხედრო აგრესია. ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„ომი თავისთავად არის შეცდომა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს, შეცდომებს და აუცილებლად ცხადყოფს ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებისგან, არა მარტო საქართველოში ისმის. მე გეუბნებით იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა მასზე სამხედრო აგრესია. ეს არის ცალსახა. ამ პროცესს წინ უსწრებდა განსხვავებული და მრავალნაირი მოვლენები, პროვოკაციები… დაიწყო ომი, ეს არის შეცდომა, ეს არის ცუდი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აგვისტოს ომში პუტინის როლთან დაკავშირებით, მინისტრმა უპასუხა: „ვლადიმერ პუტინი დღეს არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის პოლიტიკას ხელმძღვანელობს. ამის მიღმა დამატებით რა შეიძლება ითქვას?! მართლა ვერ ვაცნობიერებ, რისი მოსმენა გსურთ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება რაც შეიძლება სწრაფად შერიგდეს.

„დღესაც, 12 წლის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არის უმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში, უხეშად ირღვევა მათი ფუნდამენტური  უფლებები.

არ დავიშურებთ ძალღონეს და ძალისხმევას, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება  რაც შეიძლება სწრაფად შერიგდეს და დასრულდეს ადამიანების ტანჯვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ამ მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგების სიმძიმეს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, 8 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ჩვენ დავკარგეთ ჯარისკაცები და გმირები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, პატრიოტული სულისკვეთებით და სიმამაცით კიდევ არაერთხელ შეიტანდნენ წვლილს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის და დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა მინისტრმა.