თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან.

„შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. გაიმართა მსჯელობა მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის გზებზე და დაისახა კონკრეტული მიზნები“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მერები.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რომლის ფარგლებში დღემდე მიღწეულ შედეგებსა და ჩვენ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან მიმართებით განვიხილეთ არსებული საჭიროებები და დავსახეთ სამომავლო ნაბიჯები, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობა ხაზგასასმელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში უაღრესად დიდია მუნიციპალური თვითმმართველობების როლი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.