თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა
თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობისა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია დროებითია და რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. თეა ახვლედიანის განცხადებით, შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აკისრიათ უდიდესი როლი.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

დატოვე კომენტარი