თეა ახვლედიანი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
თეა ახვლედიანი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სცენარი განხორციელდა საქართველოში 2008 წელს.

„ჩვენ ვიხილეთ საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა უკრაინაში, მისი განუყოფელი ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების სახით. მსგავსი სცენარი, როგორც ყველას გვახსოვს, განხორციელდა საქართველოში 2008 წელს, როდესაც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ, აღიარებულ იქნა ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ და სათანადო რეაგირებას მოახდენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის კიდევ ერთ ამ მორიგ ფაქტზე,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.