თეა ახვლედიანი - „მშვიდობის ფონდის“ ამოქმედებიდან სამი საგრანტო კონკურსი ჩატარდა, 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა
თეა ახვლედიანი - „მშვიდობის ფონდის“ ამოქმედებიდან სამი საგრანტო კონკურსი ჩატარდა, 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა

„მშვიდობის ფონდის“ ამოქმედების დღიდან, ორიოდე წლის განმავლობაში სამი საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ჯამში, 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, ორიოდე წლის წინ ამოქმედებული „მშვიდობის ფონდის“ საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ბიზნესპროექტების დაფინანსებასა და, ამგვარად, ომით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო დონორების კონტრიბუციების, კერძოდ, გერმანიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერის საფუძველზე, ფონდმა უკვე ჩაატარა სამი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, ჯამში, 200-ზე მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან დაფინანსება 75 პროექტმა მიიღო“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, ფონდის საქმიანობა და საპროექტო განაცხადების სტაბილური მატება ცხადყოფს ოკუპირებულ რეგიონებში კომერციული კავშირების მიმართ მზარდ ინტერესს.