თეა ახვლედიანი - ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება
თეა ახვლედიანი - ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი და პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

„რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, მან შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ახვლედიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ გაუმჯობესდეს ის გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.

„პირადად მე გავმართე მრავალი შეხვედრა როგორც მანამდე, ასევე ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ჯამში, ამ შეხვედრას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა, ასევე ეუთო-ს ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან ისევე, როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან. ამასთანავე, სხვა მრავალი შეხვედრისას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ერთი მხრივ, დაგმობილია ეს ფაქტი, მეორე მხრივ, მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ დამატებით ის ეფექტური გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ამ პროცესში განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.