თეა ახვლედიანი - გვჯერა, რომ გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე
თეა ახვლედიანი - გვჯერა, რომ გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში უკვე გადავდგით არაერთი პროაქტიური, კონსტრუქციული და ქმედითი ნაბიჯი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა კონკრეტული სარგებელი და შეგვეთავაზებინა მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს პანდემიასთან საბრძოლველად გაეწიათ მნიშვნელოვანი დახმარება, რაც ამ დრომდე მიმდინარეობს და გაგრძელდება შექმნილი საჭიროებების შესაბამისად; ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს პირველად მიეცათ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება, ხარისხიან განათლებაზე წვდომის ფართე და მრავალმხრივი შესაძლებლობები, ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, რომელიც საერთაშორისო დონორების სახსრებით დააფინანსებს წარმოდგენილ ბიზნესპროექტებს.

ჩვენ გვჯერა, რომ გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე.

უმთავრეს პრიორიტეტებად დარჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალების გაძლიერება, აქცენტის ახალგაზრდებზე მიმართვა, ვაჭრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე ადამიანების გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა, ისევე როგორც მათთვის ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებელისა და პერსპექტივების გაზიარება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი