თეა ახვლედიანი - განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ღირებულებამ 85 მლნ ლარს მიაღწია
თეა ახვლედიანი - განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ღირებულებამ 85 მლნ ლარს მიაღწია

ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ ლარს მიაღწია. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად: გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ექვსი სკოლისა და რვა საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2 400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო ხუთი მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად, კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.