თეა ახვლედიანი - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებას
თეა ახვლედიანი - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებას

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას, ვინაიდან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ერთად უნდა მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წელს პირველად დანერგა და აამოქმედა ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც საკონკურსო წესით გამოვლენილი გამარჯვებული 3 000 ლარით დაჯილდოვდა. როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

„გარდა ამისა, სამშვიდობო პროცესზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გავმართეთ არაერთი შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. აღსანიშნავია, რომ, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, მიზნად დავისახეთ ახალგაზრდების მეტად წახალისება და ხელშეწყობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

აქტიურად გრძელდებოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს პარტნიორთან – საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა არაერთი შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობის თაობაზე. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის სოფლებში შედგა საინფორმაციო სესიები ოჯახში ძალადობის საკითხზე და სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე ჩატარდა სასწავლო ტრენინგები ქალთა მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების თაობაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.