თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში დახმარების აქციას განაგრძობს
თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში დახმარების აქციას განაგრძობს

გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური/დახმარების აქცია გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსმსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ საკორინთლოსა და სოფელ ოძისში სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პანდემიით შექმნილი საჭიროებების საპასუხოდ დავიწყეთ გასული წლის დასასრულს. ამჯერად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს. ჩვენ აღნიშნული აქციით მოვიცავთ გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური აქციის პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები სიმონ გულედანი და მაცაცო ნარიმანიძე, ასევე საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი ღასან ხალილ ახლდნენ თან.