თეა ახვლედიანი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან, ფილიპ ლეკლერკთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ამ კონტექსტში ფილიპ ლეკლერკმა ხაზგასმით აღნიშნა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.