თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

13:42, 02.09.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან, კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა უმაღლეს კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

„ყურადღება გამახვილდა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ასევე იმ უნიკალურ მექანიზმებსა და პროგრამებზე, რომელთა ეფექტიანი განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და ჩართულობის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და კულტურათაშორისი დიალოგის შემდგომ გაძლიერებას. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პირველი შუალედური შეფასება ნათლად წარმოაჩენს იმ კონკრეტულ და ხელშესახებ პროგრესს, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური გატარების შედეგად იქნა მიღწეული. ასევე, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებისა და ჩართულობის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.

თეა ახვლედიანმა უმაღლესი კომისრის ოფისს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, რაც წლების განმავლობაში მაღალი დონის ექსპერტულ დიალოგსა და მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი