თეა ახვლედიანი - დეზინფორმაციასთან ბრძოლა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს
თეა ახვლედიანი - დეზინფორმაციასთან ბრძოლა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგი თემაზე: „დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც როგორც დემოკრატიული პროცესებისთვის, ისე ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

თეა ახვლედიანის განცხადებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მისი გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტები საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა, რასაც ემსახურება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი.

„მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე ჩვენ ქვეყანაში სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, მიზნად ისახავს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციას, საზოგადოების პოლარიზაციას, რაც დიდწილად ეფუძნება მცდარი სტერეოტიპების არსებობას, ისევე როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ბარიერს და შესაბამისად ინფორმაციაზე შეზღუდულ წვდომას. სწორედ აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეების, ისევე როგორც სრულიად საზოგადოების აქტიური ჩართულობა მიზნობრივ და კომპლექსურ ღონისძიებებში, საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ჩავატარეთ, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც სამი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში მიმდინარეობდა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების: სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან 24 მასწავლებელი მონაწილეობდა. მონაწილეები გაეცნენ დეზინფორმაციის სოციალური ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს და მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე იმსჯელეს. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ დაფინანსებითა, გაერო-ს განვითარების პროგრამის UNDP და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის OHCHR მხარდაჭერით განხორციელდა.