თეა ახვლედიანი - ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება ზრუნვა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს
თეა ახვლედიანი - ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება ზრუნვა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს

მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს, 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეაჯამა.

თეა ახვლედიანმა მინისტრის აპარატის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხორციელდება განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს შეამსუბუქოს და გამოასწოროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევები და ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმს იყენებს.

„ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება ზრუნვა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს. 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში. შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000 ოჯახი, გაზიფიცირებულია დამატებით 12 სოფელი და ჯამში გაზი მიეწოდება 74 სოფელს, განხორციელდა 50 მლნ. ლარის ღირებულების 21 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის ოთხი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა 30 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. უმაღლესში სწავლა დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს.

მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, წელს 21 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უკვე ათეულობით ათასს მიწის ნაკვეთს შეეხო. კამპანიური სახე ჰქონდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას გამყოფი ხაზების ყველა რეგიონში, რომლის ფარგლებში შევძელით მოგვეცვა კონფლიქტით დაზარალებული 116-ვე სოფლის მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი 2100-ზე მეტი ოჯახი, ასევე ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 1000-მდე ოჯახი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.