თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც.

სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენა და ანალიზი, მათზე სათანადო რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, ვიმყოფებოდით სამეგრელოში, სადაც შეხვედრები გავმართეთ როგორც ზუგდიდის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მოსახლეობასთან მსჯელობისას უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების განხილვა და კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. ამავდროულად, განვიხილეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები და ხედვები, რომელთა შემუშავების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსახლეობისგან მოვისმინოთ მოსაზრებები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.