„თბილსერვისის“ მემანქანე - ვემიჯნებით ირაკლი ბაღდავაძეს, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად აკეთებს ცრუ განცხადებებს
„თბილსერვისის“ მემანქანე - ვემიჯნებით ირაკლი ბაღდავაძეს, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად აკეთებს ცრუ განცხადებებს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, რომლებმაც 7 აგვისტოს აქცია გამართეს, მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

მათი თქმით, სამწუხაროა, რომ გაფიცვა, რომლის მიზანიც შრომითი პირობების გაუმჯობესება იყო, პოლიტიკური ინტერესების საგნად იქცა.

„თბილსერვისის“ მემანქანეები გამოეხმაურნენ აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ბაღდავაძის სატელევიზიო კომენტარებს და აღნიშნეს, რომ ბაღდავაძე მათთან შეუთანხმებლად აკეთებს აბსურდულ განცხადებებს და სარგებლობს გაფიცულთა სახელით.

„თბილსერვისის“ ერთ-ერთი მემანქანის, მიხეილ ამოევის განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა საკითხზე.

„დღეს შევიკრიბეთ, რადგან ძალიან გვეწყინა ერთი თანამშრომლის განცხადებები, რომელიც ჩვენ გარეშე ლაპარაკობს ტელევიზიებით და ამბობს სიცრუეს. ყველა ტელევიზიასთან მიდის ჩვენგან შეუთანხმებლად. რასაც ის ამბობს, ბევრი რამე არის სიცრუე. თუნდაც ის განცხადება, თითქოს აქ თანამშრომლები ხელის გატკაცუნებაზე მუშაობენ და თვითონ არის ქართველი, ამას არ აკეთებს. ეს არ არის ლამაზი, ეთნიკური კუთხით ლაპარაკი. აქ ქურთიც მუშაობს, ქართველიც, სომეხიც, რუსიც და შეურაცხყოფაა ამის თქმა. გვაჩვენოს ფაქტები, რაზეც ლაპარაკობს, ჩვენ ასეთ ფაქტებს არ შევსწრებივართ“, -აღნიშნა მიხეილ ამოევმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოყენებულ ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი პასუხი და ხელფასის მატების საკითხიც მალე გადაწყდება.