„თბილსერვის ჯგუფსა“ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა
„თბილსერვის ჯგუფსა“ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა

ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა „თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

შეთანხმებას ხელი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, აკაკი გვალიამ მოაწერეს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ დაპირებისამებრ უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას 2022 წლიდან. ასევე, სექტემბრიდან შეივსება სპეცფორმების მარაგი, რომლის განახლებაც მუდმივად მიმდინარეობს. შეთანხმება ასევე შეეხება სადაზღვევო პაკეტის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხებს.

„რამდენიმეკვირიანი კონსულტაციები პროფკავშირებსა და „თბილსერვის ჯგუფს“ შორის დასრულდა და ყველა იმ პუნქტზე, რომელიც გაფიცულების მიერ იყო დაყენებული, მივაღწიეთ პოზიციების თანხვედრას. დღეს უკვე ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე.