„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს კიდევ 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა
დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.
მერიის ცნობით, ახლად შეძენილი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ ადამიანური რესურსით ვერ მიიღწევა – საჭიროა ტექნიკის განახლება, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ბევრი რამ აქვს თავმოსაწონი. ეს არის ქალაქი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ხვდება. თბილისი ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. შესაბამისად, ამ ქალაქის მოვლა-პატრონობა უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც იზრდება და ვითარდება. გვემატება ახალი უბნები, ახალი სივრცეები, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ქალაქის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მოვლა და სისუფთავის ხარისხის უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ თბილისი სუფთა ქალაქის მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, ვითარდებოდეს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი. უნდა განახლდეს და გაძლიერდეს ტექნიკა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ადამიანური რესურსით ამის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა თანამედროვე, გამართული ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელსა და მის თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი იმ კულტურის გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ყოველდღიურობის, იმ გარემოსი, რომელშიც ვქმნით მომავალს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელობას თავდაუზოგავი შრომისთვის. ყველაზე მთავარია, თბილისმა შეინარჩუნოს ის განსაკუთრებული სახე და ცხოვრების ხარისხი, რომლითაც ამაყობენ თბილისელები და რომელსაც ჩვენი ქალაქის ვიზიტორები იმახსოვრებენ. სუფთა, მოწესრიგებული, მოვლილი გარემო თბილისის კულტურის ნაწილია, რის შესანარჩუნებლადაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.
დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება სამი მლნ ლარია.
ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, „თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.