„იბერიამ“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
თბილისური დერბი დაძაბული გამოდგა. მომენტების მიუხედავად, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი 70-ე წუთზე გადაწყდა. შეცვლაზე შესულმა „იბერიის“ თავდამსხმელმა, ამირან ძაგანიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური მოჭრილი დარტყმით „დინამოს“ გაუტანა და ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი ჩაიწერა.
სტუმრები თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ და დიდი ძალებით შეუტიეს. ლადო კაკაშვილის გუნდს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდა. მაგრამ გიორგი გვასალიას ძლიერი დარტყმა „იბერიის“ მეკარემ, თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია, თორნიკე მორჩილაძემ კი კარს ააცილა.
მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ 16 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა, ლიდერობა შეინარჩუნა და მეორეადგილოსან გორის „დილასთან“ (32 ქულა) 8-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. „დინამო თბილისი“ (26 ქულა) მესამე ადგილზეა.