თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია დედა-შვილი.

ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მათივე თქმით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული – მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო ქმედებები. გვამები პროზექტურაშია გადასვენებული.