თბილისში წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციისთვის სპეციალური სისტემა შემუშავდება
თბილისში წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციისთვის სპეციალური სისტემა შემუშავდება

„თბილსერვის ჯგუფი“ იწყებს ძალიან ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას, ეს არის სპეციალური სისტემის შემუშავება წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

„აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, რათა შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას ქალაქის სხვადასხვა ძირითად სექტორშიც. პროექტის ფარგლებში დედაქალაქში მოხდება კონკრეტული ტერიტორიების შერჩევა, შემდეგ ამ ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის. ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოზირებასა და მოდელირებას, როგორებიცაა მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემდგომში მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, მადლობა მოვახსენო საფრანგეთის მთავრობას ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენთვის სიახლეების შემოტანა, ინოვაციების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.