თბილისში ვერდის საოპერო ფესტივალი გაიმართება
თბილისში ვერდის საოპერო ფესტივალი გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვერდის ფესტივალის მასპინძელი ხდება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს ვერდის საერთაშორისო ფესტივალთან, რომელიც ყოველწლიურად პარმაში (იტალია) ტარდება და ოპერის ათასობით მოყვარულს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საოპერო შემსრულებლებს მოუსმინოს.

საქართველოს ოფიციალურად ეძლევა უფლება ჩაატაროს ვერდის ფესტივალი. სპექტაკლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება. გათვალისწინებულია 2019 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები პარმაში, ვერდის ფესტივალზე.

2019 წელს პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება, პროექტი ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) ფარგლებში ხორციელდება. მომავალ წელს პარმასა და ბუსეტოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაგეგმილი გასტროლიც სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

საქართველოში ვერდის ფესტივალის ჩატარების დეტალებზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და ვერდის ფესტივალის პრეზიდენტი და პარმის ოპერის თეატრის დირექტორი ანნა მარია მეო ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.