თბილისში, ვანის ქუჩაზე უმოქმედო სატვირთო ვაგონი დაიწვა [ვიდეო]

თბილისში, ვანის ქუჩაზე ძველი, უმოქმედო სატვირთო ვაგონი დაიწვა. ასევე დამწვარია მიმდებარედ საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

დიდუბე-ჩუღურეთის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის უფროსის მოადგილის, არკადი ხაჩიძის ინფორმაციით, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.

„ცეცხლი ეკიდა ნაგავს და მიტოვებულ ვაგონს. დაშავებული არავინ არ არის. რამ გამოიწვია ხანძარი, ამაზე საუბარი ძნელია, ამას შესაბამის უწყებები დაადგენენ“,- განაცხადა  არკადი ხაჩიძემ.

ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.