თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გაიხსნა
თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა სევერინ შაპაზმა თბილისში, თამარაშვილის ხეივანში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გახსნეს, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

ღონისძიებას დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, უგზო-უგზო უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძებნის პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და პირველ რიგში ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წლის განმავლობაში გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან.

თეა ახვლედიანის განცხადებით, თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია სიმბოლური/მემორიალური ადგილის ქონა, ასევე მათ პრობლემაზე ფართო საზოგადოების ინფორმირება და თანადგომა.

როგორც აღინიშნა, მემორიალის პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაფინანსებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი