თბილისში „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ატლასი ონლაინმონიტორინგის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს უნიკალურ ინფორმაციას აწვდის, ასევე ტყის მართვისა და სხვადასხვა ტიპის ანალიზის ჩატარების საშუალებას აძლევს.

ამასთან, ონლაინ პლატფორმა მოიცავს როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე მორგებულ მონაცემებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მონაცემები მუდმივად განახლდება.

„ზოგადად ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომ ჩვენ გარემოსდაცვითი ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საშუალებებით. ძალიან მნიშვნელოვანია ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგისთვის და ანალიტიკისთვის. მონაცემები მუდმივად განახლდება და გვექნება მუდმივი ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის: რა მოცულობის ტყე გვაქვს ქვეყანაში, რა მდგომარეობაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იყოს თანამედროვე საშუალებებით დამუშავებული, რომ რეალური მდგომარეობა გავიგოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პორტალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე პროექტის „გლობალ ფორესტ ვოჩის“ (Global Forest Watch) მიერ შეიქმნა.

პორტალის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.