თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 38 ადამიანმა დატოვა
თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 38 ადამიანმა დატოვა

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 38 ადამიანმა დატოვა. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ ოჯახებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საკარანტინო სივრციდან 18 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ოთხი მიკროავტობუსით გაემგზავრა.

„10 მარტს იტალიიდან საქართველოში შესრულდა რეისი, რომელზეც მყოფ თითოეულ მგზავრს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი შეეხო. მოხარული ვართ, რომ გუშინ წყალტუბოდან და დღეს თბილისიდან თითოეული მათგანი ჯანმრთელები დაუბრუნდნენ ოჯახებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საკარანტინო ზონების მოძიება, მართვა და ოპერირება. დღევანელი მონაცემებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორია 63 სასტუმრო. საკარანტინო ზონებში კი 4147 მოქალაქეა განთავსებული“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

უწყების ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.