თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართა
თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართა

თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ქობულიას თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობაში არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ ტექნიკური დახმარება იგულისხმება, მათ შორის ცოდნის გაზიარება.

„საქართველო კიდევ უფრო ინტეგრირებული უნდა იყოს ევროკავშირის ბაზრებთან. საუბარია მრავალ ინიციატივაზე, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტირების თვალსაზრისით, რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით, საჰაერო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს საშუალება, საქართველო კიდევ უფრო ინტეგრირებული იყოს ევროკავშირის ბაზრებთან. ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი საექსპორტო ქვეყანა, გვჭირდება, გვქონდეს ძლიერი ლოჯისტიკური სისტემები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით, მთავარი გამოწვევა არის, როგორ გამოიყენებს საქართველო მის გეოგრაფიულ მდებარეობას და როგორ ააგებს კარგად ფუნქციონირებად, თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

„ჩვენ განვიხილეთ 18 ძირითადი პროექტი, რომელიც პრიორიტეტია ორივე მხარისთვის. ეს პროექტები სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ დაეხმარება ევროპასა და აზიას დაკავშირებაში. ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ასევ ანაკლიის პორტი. საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში სჭირდება“, – განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.