თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია.

სამი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა რეანიმატოლოგმა, ნიკოლოზ დემეტრაძემ განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,00:15 საათზე მოყვანილ იქნა სამი მოქალაქე ტაქსით. აღენიშნებოდათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე პაციენტს ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში. სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აყვანილ იქნა საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც აყვანილ იქნა საოპერაციოში. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკის ქირურგის, ვახტანგ შალამბერიძის განმარტებით, 21 წლის ახალგაზრდას მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი მდგომაროება ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა. სისხლმდენი ჭრილობის არსებობაზე მუცლის არეში პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის გადმოყვანილია პალატაში. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ქირურგმა.

თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა ცივი იარაღით გვიან ღამით დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.