თბილისში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს
თბილისში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მახლობლად ტაქსის მძღოლებმა „ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად საინფორმაციო აქცია-ბრიფინგი გამართეს.

აქციაზე ტაქსის მძღოლებმა მერიის ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მათ ავტომობილების თეთრად გადაღებვა მოუწევთ. ამასთან, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმ ნორმასაც, რომლითაც აიკრძალება მარჯვენასაჭიანი მანქანების მომსახურება.

ტაქტის მძღოლებმა აქციების გაგრძელება დაანონსეს იმ შემთხვევაში, თუ მერია რეგულაციების ამოქმედებაზე უარს არ იტყვის.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მერიამ რეფორმები დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას.

„მოვითხოვთ, გაუქმდეს ტაქსის მძღოლების დევნისაკენ მიმართული იძულებული რეფორმები, მათ შორის იძულებითი გადაღებვის საკითხი. 11 აპრილს, 14:00 საათზე აგრარული უნივერსიტეტიდან დაიძვრება ტაქსის მძღოლების კოლონა რუსთაველის გავლით ივანიშვილის სასახლისკენ. ეს ადამიანები საკუთარი ოჯახების გადასარჩენად შრომობენ. ან ხელისუფლება გონს მოეგება, ან კალაძე და ივანიშვილი გაიქცევა”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.