თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ
თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ანტიკრიზისულ გეგმით გათვალისწინებული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არიან ტაქსის  და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები.

„თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი  შეეხებათ, რომელიც ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც გააჩნია ლიცენზია, რომელიც არის ლიცენზირებული. ისინი ისარგებლებენ ამ კონკრეტული პროექტით. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსის მძღოლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან მიკროავტობუსის მძღოლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მთელი ამ პროცესის  განმავლობაში, იქნებოდა ექიმების გადაყვანა, კარანტინის ზონებიდან ხალხის გამოყვანა, კონკრეტულ რაიონებსა და ქალაქებში ჩაყვანა, ჩვენ ეს ვალდებულება გვქონდა აღებული, რომ კარანტინის ყველა სივრციდან თბილისის მუნიციპალიტეტმა, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში, ოჯახებში დაბრუნება, მინდა, მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და თანადგომისთვის ამ რთულ ვითარებაში.

შესაბამისად, როგორც ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლები, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ ამ 300 ლარიან დახმარებებს. ამისთვის მინიმალური პროცედურების გავლა იქნება საჭირო და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, ის პირები, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს შემოსავალი, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ, ამის თაობაზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, რომ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდონ ინფორმცია ტაქსის ლიზენზირებულ მძღოლებს და ასევე ეს ინფორმაცია გადასცენ მიკროავტობუსების კომპანიას.