თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, Alshaya Group-ის ხელმძღვანელი პირები.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, Starbucks-ის შემოსვლა საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის არის გზავნილი, რომ საქართველოში ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გარემოა.
„ეს არის ნდობის გამოცხადება იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე უზრუნველყოფს. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო სტაბილურად ლიდერობს იმ წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ბიზნესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყნების მიმზიდველობას განსაზღვრავენ. Starbucks-ი არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც დაახლოებით 40 000 ობიექტით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოში Starbucks-ის შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა.
სიმბოლური ლენტი ერთობლივად გაჭრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა, Alshaya Group-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ მოჰამედ ალშაიამ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰადენმა, Stabucks Alshaya-ს პრეზიდენტმა სალეჰ ალშაიამ და Stabucks EMEA-ს რეგიონის პრეზიდენტმა დუნქან მოირიმ.